ენერგეტიკის ანალიტიკური კომპანია Vortexa-ს მონაცემებით, ზღვაში ტანკერებზე რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით, 62 მილიონი ბარელი „ურალის“ მარკის ნედლი ნავთობი არის განთავსებული და ტრეიდერები მის მყიდველებს ეძებენ. Vortexa-ს მონაცემებს Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალეს, ხოლო სხვა ქვეყნებმა მის შეძენაზე მომავალი სანქციების შიშით უარი განაცხადეს, საზღვაო ექსპოროტი მაინც მაღალია.
Vortexa-ს მონაცემებით, „ურალის“ ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტის მოცულობა ომამდელ საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება, იმის მიუხედავად, რომ რუსული ნავთობის დღიური საზღვაო ექსპორტი მაისში 6,7 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც, დაახლოებით, თებერვლის დღიურ მაჩვენებელზე, ანუ 7,9 ბარელზე 15%-ით ნაკლებია.
თუმცა ჰიუსტონელმა ენერგეტიკის სტრატეგმა, კლეი სეიგლმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზღვაში ნავთობის რეკორდული რაოდენობით დაგროვება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ექსპორტი უჭირს და ის ადრინდელივით ძლიერი აღარ არის.
მისი მონაცემებით, ზღვაში „ურალის“ ტვირთების მთლიანი მოცულობიდან 15% დანიშნულების ადგილის გარეშე არის დაგროვილი, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელია. ექსპერტი ამბობს, რომ ამ ნავთობის ნაწილი შესაძლოა, გაურკვეველი მყიდველებისთვის ტრანზიტს ექვემდებარებოდეს, ნაწილი კი გაუყიდავ ტვირთს წარმოადგენდეს.
რუსული ნედლი ნავთობის უმეტესი ნაწილი აზიაში, ძირითადად, ინდოეთისა და ჩინეთისკენ მიემართება.
bpn.ge