„ვითიბი ბანკი საქართველო“ შეზღუდული ტრანსაქციებით და მომსახურებებით აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა ჯერჯერობით ინარჩუნებს ლიცენზიას“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ უთხრა.
ძნელაძე ამბობს, რომ ბანკი ლიცენზიას ინარჩუნებს, თუმცა პირველი კვარტლის მონაცემებით მან მესამე ადგილი დათმო და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
„ტოპ ხუთეულში ცვლილება გვაქვს. რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების წნეხქვეშ მოქცეულმა „ვითიბიმ“ საქართველოში დათმო პოტენციური მესამე ბანკის პოზიციები და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
ბანკმა მარტის თვეში ერთბაშად აქტივების 1.6 მლრდ ლარიანი კლება აჩვენა და 500 მლნ ლარის აქტივით დაასრულა თვე. შესაძლოა, თავად VTB ბანკის დარჩენილი ნაწილიც გაიყიდოს და მან ბაზარზე საქმიანობა შეცვლილი სახელით და აქციონერების სტრუქტურით გააგრძელოს.
დღეს VTB ბანკი შეზღუდული ტრანსაქციებით და მომსახურებებით აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა ჯერჯერობით ინარჩუნებს ლიცენზიას. რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, არსებობს გარკვეული ინტერესი ამ ბანკთან მიმართებით ინვესტორების მხრიდან, თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვით“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
„ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა. ვითიბი ბანკში სესხის აღების და დეპოზიტის განთავსებასთან ერთად აღარც გზავნილების მიღება/გაგზავნაა შესაძლებელი.