„ანტივაქსერი ექიმები გვყავს და როგორ შეიძლება სხვა სფეროებში არ იყვნენ?“ - ასე ეხმაურება „ბიზესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდების ასოციაციის პრეზიდენტი მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში ვაქცინირებული დასაქმებულებისთვის შემუშავებულ სტიმულირების ახალ პაკეტს. ქეთევან მელაძის თქმით, თავად პროექტი, რომელიც ამოქმედდა მისასალმებელია და სექტორი ასეთ შეღავათებს უკვე დიდი ხანია ითხოვს.
ცნობისათვის, სტიმულირების პაკეტის მიხედვით, ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები.
ქეთევან მელაძე ,,ბიზნეპრესნიუსთან“ ამბობს, რომ თავად პროექტი მისასალმებელია, თუმცა გიდების საზოგადოების ნაწილი არიან და აცრის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები სექტორშიც არიან.
,,გიდები, რომლებიც მუშაობდნენ, ყველა ისევ დასაქმებულია. უბრალოდ, სექტორს ყოველთვის ჰქონდა გიდების დეფიციტი, ახლა კი რაოდენობა ჭარბია, რადგან მოგეხსენებათ ტურიზმი მხოლოდ 40%-ით აღდგა და დარჩენილი 60% მნიშვნელოვანი რიცხვია. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ გიდები, რომლებიც წარმატებული იყვნენ თავის საქმეში დღესაც ყველანი დაკავებული არიან. ახლაც, როცა დამჭირდა, თავისუფალი კადრი ვერ ვიპოვე.
რაც შეეხება ვაქცინაციის სტიმულირების პროცესს, უნდა ითქვას, რომ გიდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ის რაოდენობა, რაც საქართველოშია ვისაც აცრა არ უნდა, არის გიდებშიც. ანტივაქსერი ექიმები გვყავს და როგორ შეიძლება სხვა სფეროებში არ იყვნენ? მე ვისაც ვესაუბრე ბევრი მათგანი უკვე აცრილია, მათ შორის მეც. თუმცა გიდებშიც რომ იქნებიან ასეთი ადამიანები, არ მიკვირს. ამიტომ, ზუსტად იმის თქმა, წაახალისებს თუ არა ეს პაკეტი მათ, რთულია.
თავად სტიმულირების პაკეტი ძალიან კარგია. ამისთვის ჩვენ წლებია ვიბრძვით, მით უფრო, რომ ბევრ ქვეყნაში ისედაც ასეა“ - აცხადებს ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი.
bpn.ge