„წადი, წადი“ - ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. მოწოდება ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა.
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მანდატის მოპოვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ჩარკვიანი ასევე თხოვნით მიმართავს კოლეგებს, მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება და უარი თქვან საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.
„არ შეიძლება პარლამენტში შესვლა, მე დღეს თამამი ვარ, რატომ? ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელს“, რამდენიმე ადამიანს უკვე გვაქვს მანდატი იმისა, რომ შეგვიძლია პარლამენტში შესვლა. ამიტომ უფრო თამამად გეტყვით, მრცხვენია, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ, მაგრამ მინდა, ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ითხოვეს კონსულტაციისთვის ერთი დღე, გთხოვოთ, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები, ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. არ შევდივართ? ესეიგი, არ შევდივართ. და თუ აღმოჩნდება ის ერთი, თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საშიშროების ქვეშაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა თავისუფალი არჩევნებია. მისივე თქმით, მომავალ კვირას პოლიტიკური ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
„ქართული ოცნება“ ყველა წითელ ხაზს გადავიდა, ამიტომ სლოგანი – ერთად ერთის წინააღმდეგ აქტუალურია, როგორც არასდროს. მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს, მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და თავისუფალი არჩევნებით მოვიგებთ. ერთი კვირის თავზე, სამ საათზე ჩვენ, პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას. ჩვენ უნდა ვანახოთ ძალა, რადგან თაღლითს მხოლოდ ძალა ესმის. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.