წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფონდმა 2 სოფლის, ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება. ახალი გზა შეამცირებს მტვერს, ვიბრაციას, გამონაბოლქვსა და ხმაურს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდა მგზავრობის დროც.
რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.
დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფლების მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.