ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული გაზსადენის პროექტის „ ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობს.
ამის აუცილებლობა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მშენებლობა, რომელიც თითქმის 1 წელი გაჩერებული იყო, კვლავ განახლდა.
11 მლრდ. დოლარის ღირებულების პროექტი თითქმის 90% დასრულებულია და მის მწყობრში შეყვანამდე მხოლოდ 100 მილია დარჩენილი. ბალტიის ზღვაში, დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟი 6 თებერვალს განახლდა, 1 წელიწადში იმის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ მიღებულმა სანქციებმა რამდენიმე კომპანიას პროექტიდან გასვლა აიძულა. მათ შორის მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის მსოფლიო ლიდერი, შვეიცარიული Allseas-იც იყო, რომელიც სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღესვე პროექტიდან გავიდა.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში კონგრესში და ადმინისტრაციაში უკვე შემოღებული სანქციების გამკაცრებაზე მუშაობდნენ და წესით ახალო შეზღუდვები უკვე უნდა შემოეღოთ. თუმცა, ბაიდენი ჯერ არ ჩქარობს.
ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაცია გაზსადენთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ში ჩართული კომპანიების წინაამღდეგ შესაძლო ახალ სანქციებზე, გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უახლოეს დღეებში ბაიდენის ადმინისტრაციას ამ საკითხზე მსჯელობის ვადა ეწურება და ის ვალდებული იქნება დაასახელოს კომპანიები, რომლებიც მშენებლობაში მონაწილეობენ და აშშ-ს კანონებს არღვევენ. სავარაუდოდ, ეს კომპანიები ახალი სანქციების სამიზნეები გახდებიან.
თუმცა, შესაძლოა ამერიკამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სანქციების გამკაცრებაზე უარი განაცხადოს იმისთვის, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან, გერმანიასთან კონფლიქტში არ შევიდეს. ეს მოსკოვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება იქნება, განსაკუთრებით, ამ საკითხზე კონგრესში ორპარტიული თანხმობის ფონზე.
ბაიდენის ადმინისტრაცია ბერლინთან ურთიერთობების გამოსწორებას ცდილობს, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა - ტრამპის სკეპტიციზმი ნატო-ს მიმართ, გერმანულ საქონელზე ტარიფების დაწესების მუქარები და ანგელა მერკელის მხრიდან ტრამპის თვითიზოლაციის პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკა.
დონალდ ტრამპა გაზსადენის წინაამღდეგ ღიად გაილაშქრა და ბერლინს პროექტის ხელშეწყობაზე უარის თქმა მოსთხოვა, აშშ-ს და გერმანიას შორის შესაძლო სავაჭრო ომის თავიდან არიდების სანაცვლოდ.
ამავე დროს გერმანელი და რუსი მაღალჩინოსნები „ჩრდილოეთ ნაკად-2“- ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვს აუცილებელ კომერციულ ობიექტად მიიჩნევენ.
ბაიდენს ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჯერაც არ ჩამოუყალიბებია. იანვარში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეინ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ გაზსადენს „ცუდ იდეად“ მიიჩნევს, თუმცა, ეს მშენებლობის განახლებამდე იყო.
როდესაც ადმინისტრაციამ ამას სანქციების შემოღებით არ უპასუხა, მისი პოლიტიკა ეჭვის ქვეშ დადგა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მაღალჩინოსნებმა რამდენიმე დღის წინ გაზსადენის საკითხი განიხილეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ იყო.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მშენებლობის განახლების შესახებ ინფორმირებულია და თუ პროექტის დასრულების საკითხი აქტუალური გახდება, სანქციები აუცილებლად დაწესდება“ - იტყობინება წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
თუმცა, მშენებლობა გრძელდება, სანქციები კი - არ ჩანს.
წყარო: Wall Street Journal