ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ წამლების ფასი ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რა არის ამჟამად ჯანდაცვის სიტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა – მათი უმეტესობა, 76 % ასახელებს წამლების საფასურს. წამლების შემდეგ ყველაზე პრობლემურ საკითხად სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურია.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის აგვისტოში მთავარ პრობლემად წამლებს ასახელებდა მოსახლეობის 56%, ხოლო სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური მოსახლეობის 29%-ისთვის იყო პრობლემა.
2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. 2018 წელს გამოკითხულთა 43% აღნიშნავდა, რომ ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა, 2021 წელს გაუმჯობესების ტენდენცია გამოკითხულთა 37%-მა დააფიქსირა, 2022 წლის აგვისტოში კი 36%-მა. კვლევის თანახმად, 2018 წელს გამოკითხულთა 31% აღნიშნავდა, რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა გაუარესდა, 2021 წელს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუარესებაზე გამოკითხულთა 36% საუბრობდა, 2022-ში კი 34%.