2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ კამათი გრძელდება. მასპინძელი ქალაქის მერმა ან იდალგომ France Info-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. პარიზის მერს მიაჩნია, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
"წარმოუდგენელია ქვეყანა, რომელიც სხვას თავს ესხმის, ოლიმპიადაზე ისე გამოვიდეს, თითქოს არაფერი მომხდარა და დელეგაცია ჩამოვიდეს საფრანგეთში, როცა უკრაინაში ბომბების წვიმაა", - თქვა პარიზის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ან იდალგომ იანვრის ბოლოს მხარი დაუჭირა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობას, რათა შეჯიბრებებში მონაწილეობა მიეღოთ. მაშინ იდალგოს მხრიდან ეს იყო კომპრომისი, რომელსაც ახლა მერი შეცდომად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სოკ-ი საერთაშორისო ფედერაციებს აძლევდა რეკომენდაციას, არ დაეშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. სხვათა შორის, ამ რეკომენდაციას აქამდე თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაცია ასრულებდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია).
წყარო: europop.ge