მთიან ყარაბაღში გაჩაღებული ომი 90-იანი წლების შემდეგ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება გახდა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზება მოახდინეს და ერთმანეთს ძალადობის პროვოცირებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ.
სიტუაციას თურქეთის ჩარევაც ართულებს, რომელიც უკვე ფაქტიურად სამხედრო მოქმედებებშია ჩართული და ამას განსაკუთრებით არც მალავს.
ორივე მხარე ერთმანეთს უცხოელი დაქირავებულების გამოყენებაში ადანაშაულებს - აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის მხარეზე თურქების მოსისხლე მტრები - ქურთები ომობენ, ხოლო ერევანი ამტკიცებს, რომ თურქეთმა აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელი მებრძოლები ჩამოიყვანა.
ეს ურთიერთბრალდებები 21-ე საუკუნეში დაქირავებულთა ომების ფენომენის გავრცელებაზე მეტყველებენ. თურქეთი სირიაში და ლიბიაში დაქირავებული მეომრებს საკმაოდ აქტიურად იყენებს და არ იქნება გასაკვირი, კავკასიაშიც იგივე გამეორდეს.
თუმცა, ანკარა მარტო არაა - იგივეს რუსეთიც აკეთებს. ერთ-ერთი კერძო სამხედრო კომპანია რუსეთში ყოფილ სამხედროებს ქირაობს, შემდეგ კი ისინი მთავრობის მითითებით სხვადასხვა ქვეყნებში კრემლის ინტერესებს ისე იცავენ, თითქოს ოფიციალური ხელისუფლება არაფერ შუაშია - სირიაში, ლიბიაში, იემენში, უკრაინაში.
არის ასევე შემთხვევები, როდესაც რუსები იემენში საომრად სუდანელებს ქირაობენ.
თურქეთი ყველაზე აქტიურად სირიელებს იყენებს, და ეს გასაკვირი არაა - როდესაც ქვეყნის ეკონომიკა სრულიად ჩამოიშალა, გამოცდილი მებრძოლებისთვის ძნელია 2000-დოლარიან ხელფასზე და ამის სანაცვლოდ უცხო ქვეყენაში საომრად წასვლაზე უარის თქმა.
5-10 წლის წინ სახელმწიფოებრიობის კრახი და ეკონომიკური სირთულეები ისლამური ტერორის მამოძრავებელ ძალად განიხილებოდა. დღეს კი ათასობით მებრძოლი სხვადასხვა ქვეყნებში სხვის ომებში საომრად მიდის.
დაქირავებული მეომრებისთვის ომი მთიანი ყარაბაღისთვის ახალი შესაძლებლობაა.
რუსეთი მხარეების ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა, თურქეთი საპირისპიროს აკეთებს - ბაქოს ომის გაგრძელების და საკუთარი ტერიტორიიდან ოკუპანტების გაყრისკენ უბიძგებს.
საბოლოო ჯამში მოსკოვი და ანკარა შესაძლოა ერთმანეთს დაქირავებულთა მესამე ომში დაუპირისპირდნენ - სირიის და ლიბიის შემდეგ, ამჯერად კავკასიაში.
თუ ჩვენ ამ კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებზე გავრცელებას დავინახავთ, ეს რუსეთს და თურქეთს შორის ახალ და უფრო რთულ დაპირისპირებას გამოიწვევს, რადგანაც სირიის და ლიბიისგან განსხვავებით ეს ყველაფერი ხდება რუსეთის საზღვრებთან და მის ინტერესებს პირდაპირ ეხება.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ