„ღვინო ბოლნისის” დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ 2023 წელს 40 მეღვინისგან შემდგარი გაერთიანება ჯამში 300 000 ბოთლ ღვინის წარმოებას გეგმავს.
გურამ ავქოფაშვილის იმედოვნებს, რომ უახლოეს 10 წელიწადში ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის პოტენციალს სრულად გამოიყენებს და 12 მლნ ბოთლის წარმოებას შეძლებს.
„გასულ წელს 2021 წელთან შედარებით, ჩვენი წარმადობა დაახლოებით 12%-ით გავზარდეთ. გაერთიანებას, რომელიც სულ 40 მეღვინისგან შედგება ამჟამად ჯამში 1 000 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ვენახი, თუმცა მიზანია ამ რაოდენობის გაათმაგება.
საბოლოოდ ჩვენი მიზანია, რომ დაახლოებით 10 წელში ბოლნისში ვაწარმოოთ 12 მლნ ბოთლი ღვინო და ექსპორტზე გავიტანოთ. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ ამის პოტენციალი ბოლნისს აქვს და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც. რაც შეეხება წლევანდელ წელს კომპანია ჯამში 300 000 ბოთლი ღვინის წარმოებას ვგეგმავთ.
ადგილწარმოშობის ღვინოებზე მსოფლიოში ყველგან დიდი მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენი ღვინოები იყიდება ავსტრალიაში, ჩინეთში, ამერიკასა და გერმანიაში. ჩვენი გავრცელების ბაზრები კონკრეტულად და პრინციპულად არის ევროპა, რადგან იქ ხარისხს აფასებენ და ღვინოში მაღალ ფასსაც იხდიან“, - ამბობს გურამ ავქოფაშვილი.
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 40 მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია.