ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წელს ტრადიციული საშობაო ბაზრობა არც ერთ ქალაქში არ გაიხსნება. შეზღუდვის დაწესების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
ვირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოცხადებული ლოკდაუნი 13 დეკემბრამდეა ძალაში, მაგრამ კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საშობაო ბაზრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეიცვლება.
ბრიუსელის მერის, ფილიპ კლოზის განცხადებით, საახალწლო ნაძვის ხე დედაქალაქის მთავარ მოედანზე დაიდგმევა და დეკორაციებით მერია მადლობას გადაუხდის თანამოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის გამო კარანტინის პირობებში უწევთ ცხოვრება. გაუქმდა მთავარ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.
„გავანათებთ 142 ქუჩას. წელს ყველაზე მეტი ქუჩა იქნება მორთული. დამონტაჟდება ახალი ინსტალაციები. განსაკუთებული აქცენტი გვინდა გავაკეთოთ იმ ქუჩებზე, სადაც მაღაზიებია და ამით გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ლოკდაუნის გამო დროებით უმუშევარია და კლიენტებთან მხოლოდ დისტანციურად აქვს კონტაქტი. საახალწლო განათებები მზად ნოემბრის ბოლოს იქნება და ამით მაღაზიების მფლობელებსაც მივცემთ იმედს, რომ თვის ბოლომდე შეზღუდვებს პოზიტიური შედეგი ექნება და კორონავირუსის შემცირებული შემთხვევები ხელისუფლებას ლოკდაუნის ეტაპობრივად მოხსნის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს შობა სევდიანი იყოს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ბრიუსელის მერმა.
imedinews.ge