საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტენდენცია შეიცვალა და ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა იმპორტი და მოხმარება იკლებს (–1,8%). ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას მიიჩნევს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე ომმა საქართველოს ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა. შესუსტდა აქტივობები, რამაც საწვავის იმპორტზეც უარყოფითად იმოქმედა.
კერძოდ, 2022 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 333,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,2 ათასი ტონით, ანუ 1,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (339,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 176 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 157,7 ათასი ტონა.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა ყოველთვის ეკონომიკურ ზრდასა და ბიუჯეტში გაზრდილ შემოსავლებთან ასოცირდება. ომმა თავისი ნეგატიური გავლენა ამ მხრივაც პოვა. გლობალურ ბაზრებზე ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტსა და შესაბამისად, მოხმარებას ამცირებს. წელს ნავთობპროდუქტებზე ისტორიულად მაღალი ფასებია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც შენელებულია და ეს ყველაფერი საწვავის ბაზარზეც აისახება. როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ამის პროგნოზირება წარმოუდგენელია. ამიტომ გამიჭირდება ვარაუდი, რა მოცემულობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუნდაც უახლოეს მომავალში, პროცესები სწრაფად იცვლება“, - ამბობს მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“.
რაც შეეხება იმპორტს კატეგორიების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 105,1 ათასი ტონა (59,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 66 ათასი ტონა (37,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4,9 ათასი ტონა (2,8%);
მარი ჩიტაია