ჩვენი განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება, - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.
რაც შეეხება 2023 წლის თებერვალს, გასულ თვეში თბილისში სულ 3,383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 12% იყო. საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136$-ს გაუტოლდა (+3% თ/თ, +30% წ/წ). გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261$ მილიონი შეადგინა.
2023 წლის თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასი თ/თ 5.1%-ით გაიზარდა და 13.1$-ს მიაღწია. 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით გასაქირავებელი ფასი 125%-ით არის გაზრდილი.