ევროპაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ძლიერ ზრდას აჩვენებს: საერთო ჯამში, 2022 წელს ევროპაში 450 ახალი სასტუმრო გაიხსნება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საკონსულტაციო კომპანია Lodging Econometrics-ი ავრცელებს.
წლის პირველ ნახევარში ევროპაში უკვე ამოქმედდა 188 ახალი ობიექტი, სულ 28350 სასტუმრო ნომრით. წლის მეორე ნახევარში კი იგეგმება 259 ახალი სასტუმროს ამოქმედება, 36500 სასტუმრო ნომრით.
უფრო მეტიც, 2023-24 წლებში Lodging Econometrics-ის ანალიტიკოსები ევროპაში 840 ახალი სასტუმროს გახსნას პროგნოზირებენ, რაც ტურიზმის ინდუსტრიას დამატებით 126 000 სასტუმრო ნომერს შესძენს.
პანდემიის თითქმის ორი წლის შემდეგ, როდესაც პროექტები და ვადები გადაიდო, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისის, მუშახელის დეფიციტისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ვითარება მაინც უმჯობესდება, - ნათქვამია საკონსულტაციო კომპანიის მოხსენებაში.
პირველ და მეორე კვარტალში ევროპის ბევრმა ქვეყანამ გახსნა საზღვრები, რის შედეგადაც გაიზარდა ტურისტებისა და საქმიანი მოგზაურების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა აისახა სასტუმროების მოთხოვნის დინამიკაზე.
ევროპის სასტუმროების ბაზარზე მოსალოდნელი გახსნების მხრივ ლიდერი ქვეყანაა გაერთიანებული სამეფო (309 სასტუმრო), შემდეგ მოდის გერმანია (258 სასტუმრო), საფრანგეთი (152 სასტუმრო), პორტუგალია (123 სასტუმრო) და პოლონეთი (85 სასტუმრო).
TOP-5 ქალაქს კი ლონდონი ლიდერობს (80 ახალი ობიექტი თითქმის 14000 ნომრისთვის), მეორე ადგილზეა დიუსელდორფი (46 პროექტი), შემდეგ მოდის პარიზი (35 სასტუმრო), ლისაბონი (34 სასტუმრო) და სტამბოლი (32 სტამბოლი).
სასტუმროების მსხვილი ბრენდები, რომელთაც გეგმავენ ევროპაში ყველაზე მეტი სასტუმროს გაშვებას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, მოიცავს Ibis by Accor (92 ობიექტი), Hampton by Hilton (69 ობიექტი), Holiday Inn Express (60 ობიექტი) და Moxy by Marriott (51 ობიექტი).