Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 5.4%-ის დონეზე იქნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რეკორდულად შემცირდა და მშპ-ის 4.1% შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წელს 10.4% იყო..
„მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების (რაც განაპირობა ტურიზმის შემოსავლების სწრაფმა აღდგენამ, რომელმაც 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს და 7.7%-ით აღემატებოდა 2019 წლის დონეს) და ტრასფერტების ბალანსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, ის წლიურად 35.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 35.8%-ით, ხოლო იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2022 წელს მომსახურების და ტრანსფერტების დადებითი ბალანსი 1.1-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქონლით სავაჭრო ბალანსი, ხოლო წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (რომელიც 79.6%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე და მშპ-ის 6.7% შეადგინა) 1.6-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, — აღნიშნულია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საგადასახდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.