„2022 წელი წინა წელთან შედარებით შედეგიანი აღმოჩნდა, თაფლის ექსპორტი და ცნობადობა გაიზარდა, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წელს 211 ტონა თაფლია ექსპორტზე გასული და აქედან 90% ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული თაფლით ძირითადად დაინტერესებულია ბულგარეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და სექტორი ექსპორტზე კიდევ 20-40 ტონამდე თაფლს გაიტანს.
„ერთადერთი რამაც შეგვაფერხა ეს იყო ტრანსპორტირება, შავ ზღვაზე დაძაბულობაა, გემების მიმოსვლა შეზღუდულია და შესაბამისად ჩვენი თაფლის ტრანსპორტირება ხდებოდა ბულგარეთში და შემდეგ ბულგარეთიდან გადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში.
ევროკავშირიდან ჩვენ თაფლზე მოთხოვნა დაახლოებით 1400 ტონაა, ხოლო ჩვენი სიმძლავრეების მაქსიმუმი 500 ტონამდეა, საქართველოს ბაზარზე 3000 ტონამდე თაფლი იწარმოება, თუმცა შიდა მოხმარებაზე დაახლოებით 1500 ტონა მოდის.
ძირითადი პრობლემა, რაც სექტორს აქვს არის ის, რომ ევროკავშირს დიდი მოთხოვნა აქვს აკაციის თაფლზე, რომლის წარმოებაც საქართველოში დიდი რაოდენობით არ ხდება, ამ ეტაპზე ჩვენ აკაციის თაფლის მარაგები ამოწურული გვაქვს და შესაბამისად აკაციის თაფლი გადადის დეფიციტში,“ - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
პაპავას თქმით, საქართველო უკრაინას, არგენტინას და ჩინეთს რაოდენობრივი თვალსაზრისით კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა კონკურენციას უწევს ხარისხით და გემოვნური თვისებებით. მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებლის შეფასებით, საქართველომ დროთა განმავლობაში თაფლის ხარისხი და გემოვნური თვისებები გააუმჯობესა და ევროკავშირისთვის მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა გახდა.
„ეს არის საბითუმო პარტიები და არა ბრენდირებული პარტიები, ჩვენი თაფლი აკეთილშობილებს სხვა ქვეყნის თაფლს, ხდება გადარევა სხვა თაფლებში. ჩვენ თაფლის ცნობადობისთვის მეტი გვაქვს სამუშაო და უნდა გადავერთოთ ბრენდირებული პარტიების ექსპორტზე, უნდა ვიმუშაოთ როგორც საბითუმო პარტიებზე , ასევე საცალო გაყიდვებზე. დღეს 90% საბითუმო პარტიები გადის ექსპორტზე და ძალიან პატარა წილია ბრენდირებული“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
პაპავას თქმით 2022 წელი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ქართველმა მეფუტკრეებმა ლონდონში ოქროს და ბრინჯაოს მედლები აიღეს, ხოლო თურქეთში გამართულ კონგრესზე ოქროს მედალი, ამ ყველაფერმა ბაზარზე საქართველოს ცნობადობა გაზარდა.
„იმისათვის, რომ აკაციის თაფლის წარმოება გაიზარდოს, გვჭირდება თაფლოვანი მცენარეების ბაზა და აკაციის ტყეების ბაზა, დღეს აკაციის ტყეები იჩეხება და იყიდება მესრებად, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა მოხდეს ტყეების აღდგენა, ჩვენი გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ორმაგად და სამმაგად მეტი თაფლი ვაწარმოოთ“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
რაც შეეხება 2023 წლის მოლოდინებს, ალეკო პაპავა ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს, მისივე თქმით სექტორი აპირებს დედა ფუტკრების ექსპორტზე გატანასაც. ასევე იგეგმება საწარმოო სიმძლავრეების და თაფლოვანი ბაზების განვითარებაც, რაც შეეხება თაფლის ფასს, ალეკო პაპავა ვარაუდობს, რომ ფასი დაახლოებით 20-30% ით გაიზრდება.
თაკო კვაჭანტირაძე