პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო ოფისისის პროგნოზი 2022 წლისთვის 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს, კერძოდ, მთავრობა ვარაუდობს, რომ წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზებს, საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით. ამასთან, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.
გადა ამისა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, რომელიც 2022-2026 წლების პერიოდს მოიცავს, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 5.4%-ს შეადგენს, რაც საბიუჯეტო ოფისის მიერ 2021 წლის დეკემბრის თვეში გაკეთებული საპროგნოზო მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.