ITB Berlin-დან დაბრუნებულმა Check In Travel-ის დამფუძნებელმა ია გედევანიშვილი რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ წელს ტურისტების გასამმაგებულ რაოდენობას ელოდებიან. მისი თქმით, მთავარია, რომ ფასი სერვისთან შესაბამისობაში იყოს.
„წელს ველოდებით ტურისტების გაორმაგებულ კი არა, გასამმაგებულ რაოდენობას. მაისიდან და მთელი მომდევნო წლისთვის დაგეგმილია ბევრი ჯგუფი. ახლა მთავარია, რომ ფასი სერვისთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს ეხება სასტუმროებს, რესტორნებს, ყველაზე ნაკლებად ტურისტულ კომპანიებს. იმიტომ, რომ ყველაზე დაზარალებული ტურისტული კომპანიები არიან, რადგან ისინი დამოკიდებული არიან ადეკვატურ სასტუმროზე, რესტორანზე, მაღაზიაზე და ა.შ. შეიძლება ხვალ სასტუმრომ გითხრას, რომ კი გაქვს ერთწლიანი კონტრაქტი დადებული, მაგრამ აღარ მიღირს და შევწყვეტ შენთან მუშაობს, რაც ტურისტულ კომპანიას ძალიან აზარალებს“, - აცხადებს ია გედევანიშვილი.
მისი თქმით, მაისიდან განსაკუთრებით ბევრ ტურისტს ელოდებიან სლოვენიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
„მთელ საქართველოზეა ტურები გათვლილი. ჩამოვლენ თბილისსა და ბათუმში და უნდა მოვატაროთ მთელი საქართველო - თავისი სვანეთით, ბორჯომით, ლიკანით, საირმით, კახეთით და ა.შ. ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით სლოვენიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან. უზბეკეთი ჩვენი მუდმივი პარტნიორია“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა. მისი თქმით ეს საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტები არიან, მაგრამ ეს სეგმენტი უფრო სტაბილური, რადგან მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი ძალიან ცოტაა.