უკრაინული წარმოშობის უმსხვილესი ევროპული კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT-ი საერთაშორისო საქმიანობას აფართოებს. კომპანიამ საქართველოს პირველი და უდიდესი არასაბანკო ინსტიტუტი Unicard/Pay Unicard-ი ჩაყლაპა, რომელიც ქართულ ბაზარზე, ლოიალობის პროგრამებისა და ელექტრონული საფულეების სექტორში, ლიდერი კომპანიაა. დღეს საქართველოში Pay Unicard-ით 2 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Finance.ua ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, WhiteBIT-სთვის Pay Unicard-ის ხელში ჩაგდება კომპანიის სერვისების, მათი ფუნქციონირებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად წინ გადადგმული ნაბიჯია.
„WhiteBIT-ი განვითარებას აგრძელებს. სალაპარაკო დრო არ გვაქვს. ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენი გუნდი შეძლებს სწორად გამოიყენოს Pay Unicard-ის შესაძლებლობები და მოახდინოს კრიპტოვალუტის ინტეგრირება ლოიალობის პროგრამებისა და ელექტრონული საფულეების სექტორში. გარკვეულწილად ეს იქნება ტექნოლოგიური გარღვევა. ეს მეტ შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს შემატებს ჩვენს კლიენტებს“, თქვა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ ნოსოვმა.
კრიპტოვალუტის ბირჟის განვითარების შემდეგი ნაბიჯი WhiteBIT-ის გადახდის ბარათის გაშვება იქნება.
WhiteBIT-ი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა ევროპაში, შეესაბამება ყველა KYC და AML მოთხოვნას, შედის მსოფლიოს 2 საუკეთესო უსაფრთხოების ბირჟაში და AAA რეიტინგი აქვს. WhiteBIT გუნდი 500 წევრს აერთიანებს.
Pay Unicard-ი პირველი არასაბანკო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც თავის მომხმარებლებს UNIWallet-ის ელექტრონულ საფულეს და UNIcard Visa/Mastercard-ის არასაბანკო გადახდის ბარათებს გარდა, UNIcard-ის ლოიალობის ბარათს სთავაზობს. Pay Unicard-ის მომსახურებით 2 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა