14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, თურქეთის გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ 10%-ით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ ოპოზიციური ბლოკი, სახელწოდებით ეროვნული ალიანსი ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებში და სულ მცირე 6 ქულით უსწრებს ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას და მის მოკავშირეებს. პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) მყარად ინარჩუნებს თავის 10%-ს.
ერდოღანი თავისი 20-წლიანი მმართველობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც მისი პოპულარობა შემცირდა ცხოვრების ხარჯების კრიზისის გამო. ასევე მის პოპულარობაზე იმოქმედა თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამაც.