საქართველოში, ყველა დიდი წისქვილკომბინატი გაჩერებულია. შედეგად, უმუშევრად 3 ათასამდე ადამიანი დარჩა - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,ბარაქას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ლადო ბიძინაშვილის თქმით, წისქვილების ფუნქციონირება რომ არ გაჩერებულიყო, 8 თვეზე მეტია მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სახელმწიფო უწყებებთან, თუმცა დღემდე შედეგი არ დამდგარა.
,,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოება ქვეყნისთვის არის უმთავრესი, რისი გაძლიერებაც გვჭირდება. გარდა იმისა, რომ 2-3 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი, წისქვილკომბინატების გაჩერებით დავდექით რეალობის წინაშე, როცა არანაირი სტაბილურობის გარანტია არ გვაქვს და დამოკიდებული ვართ იმაზე, რა ფასად მოგვცემს პროდუქტს რუსი მწარმოებელი. ახლა რუსეთში ყოველდღიურად მზარდია ორივეს ფასი, როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ყოველდღიურად იზრდება ხორბლის საექსპორტო გადასახადიც.
შესაბამისად, ჩვენ თუ არ მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, ეს ფასები გაორმაგდეს კიდეც. ბოლო 8 თვეა, სამთავრობო უწყებებთან მუდმივი შეხვედრების რეჟიმში ვართ, მაგრამ ჯერ ვერცერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. ბოლო შეთავაზება იყო, რომ წისქვილები ვიღებდით ვალდებულებას, 2 თვის განმავლობაში ფიქსირებულ ფასად მივაწვდიდით 10 000 ტონა ფქვილს, ქარხნებს, ვინც მასობრივი წარმოების პურს აწარმოებს. ამას ვაკეთებდით სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. ეს წინადადება გვქონდა თვენახევრის წინ შეტანილი. სანაცვლოდ ჩვენი მოთხოვნაა რაიმე სახის სარკისებური გადასახადი დაედოს ფქვილის იმპორტს“, - ამბობს ლადო ბიძინაშვილი.
bpn.ge