საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვა.
„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუმცა სამუშაო პროცესში ავტოსადგურების წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ცვლილებები ისეთ პუნქტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ე.წ. ხიშნიკებს მუშაობის უფლებას აუკრძალავს.
„მთავრობა გვეუბნება, რომ მალე დაგვიკავშირდებიან და ჩაგვრთავენ პროცესში, წლებია ამ ცვლილებებს ველოდებით და სახელმწიფოსგან ვითხოვთ კანონპროექტი მის მიღებამდე გაგვაცნონ. წლებია სახელმწიფოს არალიცენზირებული მძღოლების მიერ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის აკრძალვას და საზედამხედველო ორგანოს შექმნას ვთხოვთ. ჩვენი შენიშვნებიც მივაწოდეთ, რომელიც ავტოსადგურის შესახებ კანონში ისეთი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. ხიშნიკებს მუშაობის უფლებას აუკრძალავდა.
თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა განხორციელდება, ამით წახალისებული იქნება კანონიერი ბიზნესი და აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. გახსნილია უკანონო სადგურები და ამას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, ისინი არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ ან მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნონ, სრული უკონტროლობაა სისტემაში.
თუ ცვლილებები განხორციელდება, ჩვენნაირ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ, და ხელშეკრულებას დამატებით ახალ მძღოლებთან გავაფორმებთ. ამ ცვლილებების ეფექტურობისთვის ზედამხედველი ორგანოს შექმნაა საჭირო“, — ამბობს ნესტორ მიქატაძე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს იყო მომზადებული და პარლამენტში მისი შეტანაც იმავე წელს იგეგმებოდა, თუმცა, განხილვები ამ დრომდე არ დაწყებულა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.