სარეკლამო ტექნოლოგიის კომპანიის Captify-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, წლევანდელ „შავ პარასკევს“, მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებში, ფასდაკლებების ძიება გასულ წელთან შედარებით, 386%-ით გაიზარდა. აქედან ინტერნეტმომხმარებლებში ყველაზე პოპულარული Walmart-ის ქსელი იყო, მეორე ადგილზე აღმოჩნდა - Kohls-ი, მესამეზე - Amazon-ი.
„ხალხი უფრო მეტ ფულს ხარჯავს ონლაინ ვაჭრობაში, ვიდრე ოდესმე, რადგან ელექტრონული კომერცია ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, „შავი პარასკევის“ დროს ონლაინ გაყიდვებმა ახალი რეკორდი მოხსნა და $9 მილიარდს მიაღწია“, იტყობინება Insider-ი.
მაგრამ ეს ტენდენცია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს არ ეხება. წელს „შავ პარასკევს“ ხელზე გაყიდვებიც გაიზარდა.
ელექტრონული კომერციის პლატფორმა Shopify-ის პრეზიდენტმა ჰარლი ფინკელშტეინმა, CNN-ს განუცხადა, რომ მათი ქსელი აშშ-ს ონლაინ ვაჭრობის 10%-ს ემსახურება. მათი მონაცემებით — პარასკევს, ღამის 12 საათამდე, მაღაზიათა ქსელში მომხმარებელმა 8 მილიონამდე დოლარი დახარჯა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა