კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freaks-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს.
პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტს“ Mauntain Freaks-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გომიაშვილმა უთხრა.
„პანდემიამდე მთლიანი სეზონი გვქონდა დაჯავშნილი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი ჯავშნების მიღებაზე ვმუშაობთ ხოლმე და შემდეგ ვიწყებდით ტურების განხორციელებას. ჩვენ სტუმრებს აეროპორტში დახვედრიდან მთის მწვერვალზე აყვანამდე სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ“, - აღნიშნავს ნიკა გომიაშვილი.
ნიკა გომიაშვილი აღნიშნავს, რომ მყინვარწვერი მათი სავიზიტო ბარათია, თუმცა მსურველები დაყავთ როგორც თეთნულდზე, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც, მაგალითად მწვერვალ არარატზე და რუსეთში იალბუზზე.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, სააგენტოს დამფუძნებლები სტრატეგიის შეცვლას არ აპირებენ და საზღვრების გახსნას და უცხოელ ტურისტებს ელოდებიან, რადგან თვლიან, რომ ქართველებს საქართველოში სამთო-საექსპედიციო ტურიზმი არ აინტერესებთ, თან მათი შეთავაზებული ფასიც ქართველებზე მორგებული არ არის.
„მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო დაკეტილები ვართ, ყველა ჯავშანი გაუქმდა, ჩვენი ფასები ქართველებისთვის ძვირია, ამიტომ ადგილობრივებზე არ ვმუშაობთ, თან ქართველები მაინცდამაინც სამთო საექსპედიციო ტურიზმით დაინტერესებულები არ არიან და ვინც არიან თავისით დადიან, ძალიან იშვიათია, რომ ქართველები რომელიმე ტურისტულით წავიდნენ მთაში ან გიდი დაიქირავონ.
გარდა მწვერვალებისა, ჩვენ გვაქვს „ტრეკინგს“ ტურები. ასეთია თუშეთი -შატილი - ყაზბეგის 10 დღიანი ტური, უცხოელებს პროფესიონალი გიდები ცხენებით და სრული სალაშქრო და ღამის გასათევი აღჭურვილობით ემსახურებიან. ყველანაირი კუთხით შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უცხოელებისთვის გაცნობა“ - აღნიშნავს ნიკა გომიაშვილი.
სამთო საექსპედიციო თუ სათხილამურო ტურიზმით ძირითადი დაინტერესება პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან არის, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებიდანაცაა მოთხოვნები. ნიკა გომიაშილი აღნიშნავს, რომ მსურველი უკვე გამოჩნდნენ და ბევრი ელოდება საზღვრების გახსნას, თუმცა წელს ექსპედიციების განახლების იმედი ნაკლებად აქვს.
„90%-იანი ალბათობით წელს ტურებს აღარ ვგეგმავთ და მომავალ წელს ველოდებით. ახლა მხოლოდ ათი პროცენტია იმის შანსი, რომ ვინმემ შეძლოს წამოსვლა“, - აღნიშნავს გომიაშვილი.
თაკო კვაჭანტირაძე