ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი ,,გეფერინი“ ფართოვდება. კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტს“ უთხრა, რომ წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ახალი ქარხნის გახსნა, სადაც, სულ მცირე, 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ახალგაზრდა ბიზნესმენის თქმით, პანდემიურ გამოწვევას ალღო დროულად აუღეს და ბიზნესი მთლიანად ახალ სტანდარტზე გადაეწყო, შესაბამისად, ონლაინ პლატფორმა ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იქცა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც, სადაც „გეფერინს“ პროდუქცია გააქვს. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთსა და ყაზახეთში.
„რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გადავიტანეთ. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ პრობლემას გავუმკლავდით, მთლიანად ახალი დროების შესაბამისად გადავაწყვეთ ბიზნესი. ამან გამოწვია ჩვენი ბიზნესისთვის აქამდე ახალი პლატფორმის - ონლაინ გაყიდვების სეგმენტის შექმნა და განვითარება. შესაბამისად, პანდემიამდელ მაჩვენებელს არათუ მივუახლოვდით, ცოტათი გადავაჭარბეთ კიდეც. ონლაინ მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა არა მარტო საქართველოში, უცხოეური ქვეყნების ბაზრებზეც, სადაც ჩვენი პროდუქცია გადის. ვცდილობთ, განვავითაროთ საწარმო, რამდენიმე ინვესტორთან გვაქვს მოლაპარაკება და ერთ-ერთ მათგანთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ვგეგმავთ საწარმოო ხაზის ზრდას როგორც ჩანთებზე, ასევე ფეხსაცმელზე და შემდეგ უკვე ტანსაცმლის დამატებასაც ვაპირებთ. წარმოების ზრდა განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი, რადგან ამის გარეშე ჩინეთის ბაზარზე გასვლა გაგვიჭირდება. რაც შეეხება დასაქმებას, მინიმუმ, 100 ადამიანი დგვემატება, რაც პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზარზე გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება“, - უთხრა ილია გეფერიძემ „კომერსანტს“.
მისივე თქმით, „გეფერინის“ (GEPHERINI) ბრენდით თვეში 5000 ჩანთა იკერება. აქედან 50% ექსპორტზე გადის. კომპანიას ჯამში, 42 სარეალიზაციო წერტილი აქვს. მათ შორის, ფლობს 4 საკუთარ მაღაზიას საქართველოში და 7-ს საზღვარგარეთ.
კომპანია „გეფერინი“ 2014 წელს დაფუძნდა. ხოლო 2018 წელს „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა. მისი მთავარი მიმართულება არის განსხვავებული დიზაინის ჩანთის/აქსესუარების და ფეხსაცმლის წარმოება, რასაც მალე ტანსაცმლის ხაზიც დაემატება.
მარი ჩიტაია