კაფე-საკონდიტროების ქართული ბრენდი „ლეგატო“ ქსელს აფართოებს. კომპანია 10 წელია, რაც ბაზარზე დესერტების და ბულანჟერიის მიმართულებით პოზიციონირებს. ამ დროისთვის თბილისში იგი 3 ობიექტით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე ახალი, რიგით მეოთხე ფილიალი დაემატება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
როგორც ,,ლეგატოს“ მმართველი მენეჯერი მანანა ანჯაფარიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, პანდემიის, შემდეგ უკვე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გლობალურ ბაზრებზე დიდი გადაწყობა მოხდა, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუმცა კომპანიას აღებული კურსისთვის არ გადაუხვევია და ხარჯის ზრდის ფონზეც მეტნაკლებად ინარჩუნებენ არსებულ ფასებს, ასევე ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
,,დღეისათვის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ სამი ფილიალით. მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად საწყისიდანვე განისაზღვრა სტრატეგია, ბაზარზე პოზიციონირება, სტაფის მომზადება და დაისახა სამომავლო გეგმები, რომლებსაც თანმიმდევრულად მივყვებით. გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა პანდემიის პერიოდმა, სხვადასხვა შეზღუდვებისა და რეგულაციების უარყოფითი ზეგავლენა, რა თქმა უნდა, ჩვენზედაც აისახა, მაგრამ დღეისათვის კომპანია გამოვიდა კრიზისიდან, ფეხზე დადგა და განვითარების ახალ გეგმებზეც დაიწყო მუშაობა. დღესდღეობით რეგიონში რთული პროცესების გამო, პროდუქციებზე გაძვირებული ფასები პრობლემების წინაშე გვაყენებს, მაგრამ ვცდილობთ ფასები ჯერჯერობით შევინარჩუნოთ ძირითად პროდუქტებზე მაინც, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ხარისხის დათმობის ხარჯზე, რადგან ,,ლეგატოს“ ბრენდი თავიდანვე ასოცირებულია უმაღლეს ხარისხთან და დახვეწილ საგემოვნო თვისებასთან. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი ფილიალის დამატების საკითხზეც და წლის ბოლომდე ქართველ მომხმარებელს თბილისში რიგით მეოთხე ფილიალში ვუმასპინძლებთ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ მანანა ანჯაფარიძე.
როგორც კომპანიის მმართველი მენეჯერი აღნიშნავს, ,,ლეგატომ“ უკვე დაიწყო სამზადისი აღდგომის დღესასწაულისთვის. გაყიდვაშია პასკების მრავალფეროვანი არჩევანი - ქიშმიშის ტრადიციული პასკა, ასევე შოკოლადისა და ცუკატის პასკები, სხვადასხვა ზომითა და გაფორმებით, რომელთა ფასი 19-დან 35 ლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, კომპანია ,,ლეგატო“ 2012 წელს შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია 4 მილიონ ლარს აღემატება.
ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული
მარი ჩიტაია