თაფლის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ქართველი მეფუტკრეების დიდ ნაწილს რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც უჭირს. როგორც კომპანია ,,მეთაფლიას“ დამფუძნებელი, მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, წლობით დაგროვილი მარაგი დაახლოებით 1000 ტონამდეა, რის გაყიდვასაც მეწარმეები ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი პრობლემა თაფლის საბითუმო ფასია. როგორც ზირაქაშვილი ამბობს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბითუმო ბაზარზე თაფლის ფასი არ შეცვლილა და ამ ეტაპზეც 6-10 ლარის ფარგლებშია.
,,ქართულ ბაზარზე გაყიდვები ძალიან მცირეა, სამკურნალო დანიშნულების გარდა, იშვიათად ყიდულობს ხალხი. მიწოდება სჭარბობს მოთხოვნას და ფასიც დაბალია. ალბათ, დარეგულირდება ეს სიტუაცია და პრობლემაც თანდათან მოგვარდება. თაფლის საბითუმო ფასი ფასი 6 ლარიდან იწყება და 8-10 ლარს არ აჭარბებს ანუ რა ფასადაც იგი დაახლოებით 10 წლის წინ იყიდებოდა. საცალო ვაჭრობაში ამას ემატება სამეწარმეო ხარჯი, რაც მთლიანობაში პროდუქტს აძვირებს. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, საბითუმო ფასი ევროპის ქვეყნებში 2-3 დოლარის დონეზეა, ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს. ამ დროს მეფუტკრეობა არ გაჩერებულა, კარანტინის პერიოდშიც ვმუშაობდით. შრომა ისევ უშედეგოა, რადგან რეალიზაციის დიდი პრობლემაა. მთლიანობაში, ადგილობრივი მეფუტკრეების ყველაზე დიდი გასაჭირი რეალიზაციაა, 1000 ტონამდე გაუყიდავი მარაგია დარჩენილი. სიძველე კი ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს და ცხადია, ფასზედაც“, - ამბობს როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“.
რაც შეეხება საცალო ბაზარზე ფასს, 1 კგ. თაფლი დახლებზე საშუალოდ 25-30 ლარი ღირს.
დადებითი დინამიკაა თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, პროდუქტი ქვეყნის გარეთ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტში თაფლის ექსპორტი 103%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ 3 თვეში ქვეყნიდან 50,11 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (171,1 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 24,69 ტონა პროდუქტი (73,62 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა.
მარი ჩიტაია