ამერიკული გამოცემის, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის მფლობელზე, რომან აბრამოვიჩზე. როდესაც სანქციების ამოქმედების დრო დადგა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირთან თანხვედრაში იყო, თეთრი სახლის ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ მოითხოვა მისი შეჩერება.
გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს, სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ არ ვაპირებთ გავასაჯაროოთ პრეზიდენტების, ბაიდენისა და ზელენსკის პირადი საუბრები, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და უკრაინის საელჩომ ვაშინგტონში, არ უპასუხეს გამოცემის თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი ამ საკითხზე.
აბრამოვიჩის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „მოლაპარაკებების და მისი წარმატების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ღირს არც თავად პროცესზე და არც მასში აბრამოვიჩის მონაწილეობაზე კომენტარის გაკეთება. პრესსამსახურის ცნობით, ის ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება მალე მშვიდობის დასამყარებლად.
Wall Street Journal-ი წერს, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო კრემლთან დაახლოებულ ხალხთან კომუნიკაცია, იმ იმედით, რომ ისინი გახდებიან პუტინთან დამაკავშირებელი არხები. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური პირი უნდა გამხდარიყო რუსი ტელეპროდიუსერი ალექსანდრ როდნიანსკი. წყაროს ცნობით, სწორედ ის დაუკავშირდა აბრამოვიჩს.
წყარო: radiotavisupleba