წყნეთის სამთავრობო აგარაკების პრივატიზების მეორე ეტაპი დასრულდა. აუქციონზე მცირე ლოტებად გამოტანილი ოცდახუთივე ობიექტი წარმატებით გაიყიდა. საპრივატიზაციო ქონების ჯამური საწყისი ფასი 35 922 000 მილიონი ლარი იყო, ხოლო მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 39 970 000 ლარი შეადგინა.
წინა აუქციონისგან განსხვავებით, ამჯერად წყნეთის „სამთავრობო აგარაკებით“ ფიზიკურ პირებთან ერთად კომპანიებიც დაინტერესდნენ.
25 ობიექტიდან ყველაზე მეტი - 11 ობიექტი შპს „იბეროტელმა“ იყიდა. კომპანიამ 21 893 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 17 612 000 ლარი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში კოჯორში ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკი გასული წლის 15 აპრილს შეიძინა, თუმცა გამორჩეულ შენობა ნაგებობების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
4 ობიექტი ზაალ ჭანტურიამ შეიძინა - 5 847 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 4 722 000 ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ჭანტურიამ ერთი ობიექტი, წყნეთის სამთავრობო აგარაკების პრივატიზების პირველ ეტაპზეც შეიძინა, რაშიც 1 036 000 ლარი გადაიხადა.
25 ობიექტიდან 3 ვასილ ხანიშვილმა იყიდა. 4301 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 5 254 000 ლარი გადაიხადა.
მერაბ სიჭინავამ 1 ობიექტი იყიდა. 2681 კვ.მ რომლის საწყისი ფასი 2 610 000 ლარი იყო, 4 308 000 ლარად შეიძინა. ამ აუქციონში ყველაზე მეტი 849 ბიჯი დაიდო.
3 ობიექტი იყიდა გიორგი თხელიძემ. 3 921 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 3 020 000 ლარი გადაიხადა.
2 ობიექტი იყიდა დავით ჭყონიამ. მან 3 170 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 3 040 000 ლარი გადაიხადა.
სამთავრობო აგარაკებიდან ერთი ობიექტი ლელა აბაკელიამ შეიძინა. 846 კვ.მ უძრავ ქონებაში ჯამში 2 000 000 ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ რამდენიმე კვირის წინ წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე მცირე ლოტებად პირველად გამოიტანეს. ობიექტები წარმატებით 7 030 000 მლნ ლარად გაიყიდა. მთავრობა საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის აგარაკები 2019 წელს შეიტანა.89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55,710,287 ლარს შეადგენდა. ინვესტორს ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 22 იანვარს ჩატარდა. 89 988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55 710 287 ლარს შეადგენდა. გამარჯვების შემთხვევაში მყიდველი ვალდებული ხდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სასტუმრო აეშენებინა. ამასთან, მყიდველს შეეძლო არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც ახალ მესაკუთრეს პროექტში უნდა განახორციელებინა მინიმუმ 20 მლნ ლარს შეადგენდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ ხარჯი შემოსავალს აღემატება. ქონების ეროვნული სააგენტოდან 2020 წელს გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლიდან 2020 წლის ბოლომდე ობიექტის შენახვის ხარჯი დაახლოებით 5 187 019 ლარია, ხოლო შემოსავალი 2 981 767 ლარი.
ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ შენახვის (მოვლის) ხარჯი, 2015 წლიდან დღემდე, ჯამში შეადგენს 5 187 019 ლარს, საიდანაც:
2015 წელს შეადგინა 825 311 ლარი;
2016 წელს შეადგინა 815 763 ლარი;
2017 წელს შეადგინა 862 038 ლარი;
2018 წელს შეადგინა 907 666 ლარი;
2019 წელს შეადგინა 914 729 ლარი;
2020 წელი (საპროგნოზო) შეადგინა 861 512 ლარი.
ამასთან 2015 წლიდან დღემდე შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 2 981 767 ლარი, საიდანაც:
2015 წელს შეადგინა 364 201 ლარი;
2016 წელს შეადგინა 282 971 ლარი;
2017 წელს შეადგინა 352 607 ლარი;
2018 წელს შეადგინა 562 780 ლარი;
2019 წელს შეადგინა 593 401 ლარი;
2020 წელი შეადგინა 825 805 ლარი.
ბაჩო ადამია