საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.
„არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არასწორი საქციელია. რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია50%, 70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25%; გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, — აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პრემიერის განცხადება პოპულიზმია და ყველა ბიზნესი, მათ შორის იმპორტიორები მოსახლეობის და ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
„საბავშვო ბაღის ფრაზეოლოგიაა, ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი ვის ხარჯზე მდიდრდება? ნებისმიერი ბიზნესი ფულს აკეთებს მომხმარებლების ხარჯზე. ბიზნესის მიერ უკუგების მიღება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ „ხალხის ხარჯზე“. თუმცა გააჩნია რა შემთხვევაში და როგორ იხმარ ამ ტერმინს, „ხალხის ხარჯზე გამდიდრება“ ძალიან პოპულისტური განაცხადია და ვინც ამას აკეთებს თითქოს ძალიან ბოროტია, ღარიბაშვილი კი ცდილობს ხალხი ბოროტებისგან დაიცვას, მაგრამ ზღაპრების არ უნდა გვჯეროდეს. იმპორტიორები არიან კონკურენციაში და პროდუქციას განსაკუთრებულ ფასნადებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაადებენ. თუ ბიზნესი ხედავს რომ შეუძლია უფრო მომგებიანი იყოს, რა თქმა უნდა ეცდება ამას, მაგრამ კონკურენციას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ეკონომიკა ასე მუშაობს, რომ იმპორტიორები ცდილობენ მოგება ნახონ, ღარიბაშვილის დამქირავებელი ივანიშვილი რა არ ცდილობს მოგება ნახოს, მათ შორის ხალხის ხარჯზე? მოკლედ, აბსურდამდე მივდივართ და მთავრობას ისევ პოპულიზმი იპყრობს“, — აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას სურსათის იმპორტიორების საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა.