ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „კოვაქს” პლატფორმიდან მიიღებს ვაქცინას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საერთაშორისო მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინები შემოვა.
“ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც დანარჩენი 153 ქვეყანა გაერთიანებულია “კოვაქს“ პლატფორმაზე და ელოდება ვაქცინას, ამ პლატფორმიდან ჩვენნაირი ქვეყნების რიგი საკმაოდ დიდია. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს ვაქცინას.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ვაქცინაცია, მათი სტატუსი ცოტა განსხვავებულია, ისინი უმთავრესად არიან ქვეყნები, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს ან ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან აქვთ სხვა გზებით. კერძოდ, ეს არის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს საკუთარი მარეგულირებლის მიერ თავის ქვეყანაში ისეთი ვაქცინების შემოტანა, რომლებიც არიან ჯერ კვლევის ფაზაში და არ აქვთ საერთაშორისო აღიარება. ჩვენი ქვეყანა ასეთ ნაბიჯს აერიდა სრულიად შეგნებულად და ქვეყანაში გადაწყდა ასე - ჩვენთან შემოვა საერთაშორისო სანდო მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინები”, - განაცხადა ზახაშვილმა.
ამასთან, ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის დაწყებისთანავე, სავარაუდოდ, ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება, რადგან ვაქცინაცია დროზეა დამოკიდებული და ადამიანებს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ უფრო იმედიანად ყოფნა.
“ვაქცინაციის დაწყების პროცესიდან ეკონომიკის გახსნას, ალბათ, ვერ შევძლებდით. იგივე სრული გახსნის შესახებ არ არის ლაპარაკი არც ერთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციაც დროსთან არის დაკავშირებული, როგორც იცის მოსახლეობამ ეს ვაქცინაც ორჯერადი დოზით მიეწოდება ადამიანებს და თითქმის თვე უნდა იყოს განსხვავება პირველ და მეორე დოზას შორის. მეორე დოზის გაკეთების შემდეგ უფრო იმედიანად შეიძლება იყოს ადამიანი, რომ ის უკვე იმუნურია და რისკი იმისა, რომ დაავადდეს კოვიდით არის ნაკლები”, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
IPN.GE