მეტროს თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ „კომერსანტთან“ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარემ ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, რომელიც ამავდროულად მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013”-ის თანადამფუძნებელიცაა.
ზაზა ბარბაქაძის თქმით, დღეს 17:00 საათზე ადმინისტრაციასთან შეხვედრა ჩაინიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებაც ამ შეხვედრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„ივლისის თვიდან კომპანიის დირექციასთან შეტანილი გვაქვს წინადადება ხელფასის 20%-იან ზრდასთან დაკავშირებით . ეს 20% არის ინფლაციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ხელფასის მატებაც კი არაა, ესაა რომ დავეწიოთ იმ ნიშნულს, როგორც გაგვიძვირდა ცხოვრება. მოლაპარაკება ფაქტობრივად ჩიხში იყო შესული, ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ამას ჯერჯერობით ვერ ახორციელებდა. დღეს ჩავატარეთ ამ მოთხოვნით ბრიფინგი და 17:00 საათზე შეხვედრა გვაქვს ადმინისტრაციასთან. თუ მათი წინადადება არ იქნება მისაღები, უახლოეს დღეებში შევიტანთ უწყებებში წერილებს კოლექტიური დავის დაწყებასთან დაკავშირებით და კანონის ფარგლებში ვიქნებით,“ - აღნიშნა ზაზა ბარბაქაძემ.
პროფკავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, მათ რამდენჯერმე ჰქონდათ მერთან შეხვედრის მცდელობაც, თუმცა უშედეგოდ.
„მერთან შეხვედრაც რამდენიმეჯერ მოვითხოვეთ, ვთხოვეთ დირექციას, ჩვენი ერთობის სახელითაც შევიტანეთ, გამოხმაურება არ გვქონია,“ - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.