მსოფლიოში ხორბლის გასაყიდმა ფასმა ერთ ტონაზე შესაძლოა, 400 დოლარამდე მოიმატოს, ხოლო სიმინდის ფასი ამავე ნიშნულს მიუახლოვდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრი СовЭкон-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე ბურღულეულის ფასის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხდება.
ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინას მიმდინარე სეზონზე (2021 ივნისი-2022- ივლისი) 6 მლნ ტონა ხორბალი და 13-14 მლნ ტონა სიმინდი დარჩა ექსპორტზე გასატანი, ხოლო რუსეთს 7-7,5 და 1-2 მლნ ტონა.
ანალიტიკოსების განცხადებით, გადაზიდვები შეწყდა აზოვის ზღვაში, სადაც განთავსებულია უკრაინის ორი მცირე ზომის პორტი (2-3 მლნ ტონა წლიურად) და ბევრი რუსული პორტი, რომლებიც ჯამში 12-15 მლნ ტონის ექსპორტს ახორციელებენ. მათგან უკრაინულებმა შეაჩერეს ტერმინალების მუშაობა, რუსულები კი განაგრძობენ.
ამასთან, ეგვიპტის ტენდერში GASC-მა უკვე დააფიქსირა 399 დოლარი ერთ ტონა ფრანგულ ხორბალზე.
bpn.ge