ხორბლის გლობალურ ბაზრებზე შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ რისკები იზრდება. რუსული ხორბლის იმპორტი ისედაც მცირდება, მაღალი გადასახადის ფონზე ქართველი მეწარმეები ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ, რამაც პურის ფასის არსებულ ნიშნულზე დაჭერა ჯერჯერობით შესაძლებელი გახადა, თუმცა წისქვილკომბინატების საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და რამდენიმე მათგანი გაკოტრდა კიდეც.
ამდენად, ხორბლის ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა. მართალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ მარაგის მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა ჯერჯერობით მაინც არ კონკრეტდება, რა ფორმით აპირებს მთავრობა ხორბლის მარაგის შევსებას, თუ საბოლოოდ ისევ ფქვილის იმპორტზე გაკეთდება აქცენტი, რაც მარაგის პრობლემას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, ფქვილის შენახვის ვადა 2 თვეს არ აღემატება.
ასეთ სიტუაციაში მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ოპტიმალურ გზად მიიჩნევს, რომ ხორბლის იმპორტი გაგრძელდეს, ხოლო ფასი საგადასახადო შეღავათით ან სხვა მექანიზმის გამოყენებით დაბალანსდეს.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში აგრესიულად ხორციელდება ფქვილის იმპორტი, გაცილებით მეტი შემოვიდა, ვიდრე ხორბალი. გასაგებია, რომ ეს პურის მწარმოებლებს ხელს აძლევს, სამაგიეროდ, წისქვილკომბინატები დაზარალდნენ. გარდა ამისა, სასურსათო უზრუნველყოფას ექმნება საფრთხე, რადგან მარაგის მხრივ შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. ფქვილი 2 თვეზე მეტხანს არ ინახება. ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ხორბალი შემოვიდეს და წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, რომლებიც ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი შემომტანები არიან. ბოლოს და ბოლოს, სასურსათო უზრუნველყოფა განისაზღვრება ხორბლის მარაგით და არა ფქვილისა, რომლის მარაგიც ვერ კეთდება. მიმაჩნია, რომ მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმზე უნდა იმუშაოს, ერთ-ერთია დღგ-სგან იმპორტის გათავისუფლება, როგორც ეს თურქეთში მოხდა. თურქეთის მთავრობამ ტენდერი ჩაატარა და 400 ათასი ტონა ხორბალი იყიდა, რაც შემდეგში 10 დოლარით ნაკლებად მიჰყიდა წისქვილკომბინატებს. როცა საქმე სასურსათო უსაფრთხოებას ეხება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხელშეწყობა და გამოსავლის მოძებნა, რაც რისკს რეალურად შეამცირებს“, - აცხადებს სილაგავა ,,კომერსანტთან“.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველომ 7 ათასი ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, როცა ჩვეულებრივ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1000 ტონის ფარგლებში იყო.
როგორც ცნობილია, მოსავალი წელს გლობალურ ბაზრებზე თითქმის ყველგან შემცირებულია. შექმნილი სიტუაციით სარგებლობს რუსეთი, რომელმაც საექსპორტო გადასახადი გააძვირა. კერძოდ, დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე იზრდება.
სპეციალისტები გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში ხედავენ და მთავრობას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. მათივე თქმით, სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1 მლნ ტ. მარცვლეული, რაც პაატა კოღუაშვილის თქმით, სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ცნობისთვის, 1-ლი დეკემბრიდან რუსულ საექსპორტო ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე გაიზარდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68,3 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე ცვლილება შედარებით მცირეა და მასზე გადასახადი 54.3 დოლარის ფარგლებში დარჩება.
ანალიტიკური ცენტრის SovEkon-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 315,5 აშშ დოლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბალი 7,87 დოლარია.
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა , ხოლო ფქვილისა 115.5%-ით გაიზარდა. მარტო რუსეთიდან საქათველომ $4.6 მლნ-ის 15 801.6 ტონა ფქვილი შეიძინა.
მარი ჩიტაია