„ჩვენი ვარაუდით 30 000 ტონა ხორბალია დარჩენილი და ეს რაოდენობა დღითიდღე კლებულობს, რადგან ფერმერები იძულებულები არიან, რომ ხორბალი ნებისმიერ ფასში გაყიდონ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ უთხრა, მისი თქმით ამ ხორბალში ფერმერებს 55 თეთრს სთავაზობენ, რაც სექტორისთვის მიუღებელია, რადგან ამ თანხად გაყიდვის შემთხვევაში საქმე დასამარდება. ბენიაიძე ასევე განმარტავს, რომ კომუნიკაცია მთავრობასთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ.
„ჩვენ ამ 15 000 – 20 000 ტონაში 55 თეთრს გვთავაზობენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ამით ეს საქმე დასამარდება. სხვა გზა არ არის, საუბარი გვქონდა იმპორტ-ექსპორტის მოხსნაზეც, ვესაუბრეთ ადამიანებს ვინც ექსპორტით არის დაკავებული და სხვაობა მხოლოდ ერთი თეთრია, რაც არაფრის მომცემია, გამოსავალი არის ის, რომ წისქვილები ისევ უნდა ამუშავდეს. შარშან მოწოდება იყო მთავრობისგან, რომ ხორბალი დაგვეთესა, შევამცირეთ სხვა კულტურები და დავთესეთ ხორბალი გაორმაგებული დიზელის საფასურით, გაორმაგებული სასუქით და ტექნიკის მომსახურებაზე გაორმაგებული ფასით და ამ დღეში ჩავვარდით . მაშინ როდესაც ხორბლის თვითღირებულება 80 თეთრზეა ასული, 55 თეთრად გაყიდვის შემთხვევაში დავკარგავთ ყველაფერს, მიწებს, ტექნიკას და გავკოტრდებით, ბანკები ისედაც უკვე ჯარიმებზე არიან გადასულები“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძე სახელმწიფოს დახმარებაზე და სუბსიდირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ წისქვილკომბინატები ხორბალს 55 თეთრად ჩაიბარებენ და მთავრობა 20 - 25 თეთრით ხორბალს დაასუბსიდირებს ფერმერები საწყობების დაცლას შეძლებენ.
„კომპენსაციაზე ვესაუბრებით მთავრობას, რომ წისქვილი თუ გადახდის 55 თეთრს სახელმწიფომ 20-25 თეთრი დაგიმატოს,ამით თვითღირებულებაზე ავალთ და შევძლებთ, რომ დავცალოთ საწყობები და დავყაროთ ახალი მოსავალი, რომელიც უკვე კარებზე მოგვადგა. ასევე შესატანია პესტიციდები, სასუქები, რომლებიც ძალიან გაძვირდა. ამ ყველაფრის აღება კონსიგნაციაზე გვიწევს , რაზეც ყველას არ ენდობიან, რადგან ყველას არ ჰყავს ნაცნობი, განსაკუთრებით საშუალო ფერმერებს და ისინი უფრო ცუდ დღეში არიან“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
თაკო კვაჭანტირაძე