„ხორბლის შემოტანა რუსეთიდან ჩვეულებრივად ხდება და ამ კუთხით ბაზარი ჩაკეტილი არ გვაქვს. უბრალოდ, გარკვეული რაოდენობის კვოტები დაწესდა - ითქვა, რომ ამაზე მეტ რაოდენობას არ გაიტანენ ქვეყნიდან, თუმცა, ეს რაოდენობა ისედაც გავიდოდა. ხორბლის იმპორტზე არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ შპს „აგრიკომის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა.
12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა.
დგას თუ არა ხორბლის დეფიციტის საფრთხის წინაშე საქართველო, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე? შესაძლებელია თუ არა მყისიერად ხორბლის სხვა ბაზარზე გადართვა პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის, ბაზრების ჩაკეტვის შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ქეთევან კუბლაშვილი განმარტავს, რომ ბაზრის დივერსიფიცირების პოტენციალი საკმაოდ დიდია, ამის დასტურად კი ივნისის თვეში საქართველოში 30 000 ტონა ამერიკული ხორბალი ჩამოვა. მისივე განცხადებით, რუსული ხორბალი ლოგისტიკისა და ფასის ხელმისაწვდომობის გამო ინარჩუნებს დომინანტ პოზიციას ქვეყნის იმპორტში.
„შესაძლებელია ყაზახეთის ბაზრის გამოყენება, თანაც საკმაოდ სწრაფად, თუმცა ყაზახეთიდან ბოლო ორი -სამი წელია არცერთი ტონა ხორბალი არ შემოსულა. ამის მიზეზი არის ის, რომ ყაზახეთი სხვა ბაზრებზე განვითარდა. ჩვენს მომარაგებას რაც შეეხება, კარგი ალტერნატივაა ამერიკული ხორბალი. ამერიკიდან ხორბლით დატვირთული 30 000 ტონიანი გემი სავარაუდოდ ივნისში შემოვა და იმედი გვაქვს მოლაპარაკებები მალე დასრულდება. თუმცა, ამერიკის გარდა ბევრი სხვა მწარმოებელი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, საიდანაც შეგვძლია ხორბლის იმპორტი. უბრალოდ, რუსეთი ყველაზე ახლოსაა და ფასით ხელმისაწვდომია. მყისიერად შეგვძლია გადართვა სხვა ქვეყანაზე, როგორებიცაა უნგრეთი რუმინეთი, საფრანგეთი, გერმანია. სანერვიულო ამ კუთხით არ გავქვს, თუ რა თქმა უნდა რუსეთმა მართლა არ დაკეტა ხორბლის ბაზარი.“- განმარტავს ქეთევან კუბლაშვილი.
კუბლაშვილი აღნიშნავს, ხორბლის ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ბაზარზე ინტეგრირება, ამისთვის მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საზღვაო გზების ათვისება და მინიმალური დამოკიდებულება რუსეთზე, განსაკუთრებით ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორიცაა მსოფლიო პანდემია.
მარიამ მორგოშია