ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია შენგენის შეთანხმებაში გააწევრიანოს, რადგან ქვეყნებმა უვიზო სივრცეში გაწევრიანების ყველა პირობა შეასრულეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ხორვატიამ შესვლისთვის ყველა აუცილებელი პირობა ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, ხოლო რუმინეთმა და ბულგარეთმა გასულ თვეს შეასრულა.
ამასთან, ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შენგენის ზონის ფუნქციონირებაში და შენგენის წესებთან ნაწილობრივ უკვე დაკავშრებული არიან.
შენგენის შეთანხმებაში ახალი ქვეყნების გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 8 დეკემბერს მიიღებს.
შენგენის ზონა 1985 წელს შეიქმნა და დღეს ის 26 სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს, სადაც შიდა საზღვრებზე ვიზები და საბაჟო კონტროლი გაუქმებულია. ამჟამად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ბულგარეთის, ირლანდიის, კვიპროსის, რუმინეთისა და ხორვატიის გარდა, შენგენის ზონის ნაწილია, რომელიც, ასევე, ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინს მოიცავს.
შენგენში ხორვატიის, რუმინეთის და ბულგარეთის მიღება მანმადე ევროპარლამენტმაც მოითხოვა.