არქი ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვარკეთილი დეველოფმენტი“ უკვე წელიწადზე მეტია ვარკეთილის ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს ტერიტორიაზე, რომელიც მას თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. 40 მილიონი ლარის ინვესტიციით მიმდინარე პროექტი დაწყებიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს და მუნიციპალიტეტს გადაეცეს.
როგორ მიმდინარეობს პროექტი, იმოქმედა თუ არა პანდემიამ მის მსვლელობაზე და ხომ არ იგეგმება სხვა უბნების ჩართვა მსგავსი განახლების გეგმაში? ამ კითხვებით „კომერსანტმა“ მერიის ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და შპს. “ვარკეთილი დეველოფმენტის“ დირექტორს დიმიტრი ადამიას მიმართა. დედაქალაქის მთავრობაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ახალი ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამაზე არ გაჟღერებულა გარდა იმისა, რაც უკვე ცნობილია, ხოლო შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი მოკლე პასუხებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და 5 კორპუსის განახლება ვალდებულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
„ყველაფერი კარგად არის, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეამოწმოს. პანდემიამ იმოქმედა პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული და ყველაფერში ვეტევით. სულ ხუთი კორპუსია, პროცესი მიდის შეუფერხებლად და წარმატებით. რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული, იმას ვასრულებთ.იმედია არფერი არ შეუშლის ხელს ამ ყველაფერს და ბინებს მოსახლეობას გადავცემთ ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ანუ მუნიციპალიტეტს გადავცემთ დასრულებულ მწვანე კარკასს და ის - მოსახლეობას,“ - ამბობს დიმიტრი ადამია.
ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტით ჯამში 7545 კვ.მ დასრულებული მწვანე კარკასის მიღება იგეგმება. პირველ ეტაპზე 1500 კვადრატული მეტრის დასრულება იგეგმება. გეგმის მიხედვით პირველ რიგში, მოხდება იმ ოჯახების დაკმაყოფილება, რომელიც ყველაზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.
რა შეეხება სხვა უბნების კორპუსების ჩანაცვლების გეგმას, გასულ წელს მედიასთან მერიის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ აღნიშნა, რომ კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს, თუმცა პროცესზე პანდემიამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და უახლოეს მომავალში მოხდება დაანონსება ახალი უბნების კორპუსების განახლებაზე, თუმცა ამ დრომდე სხვა უბნებზე საუბარი დედაქალაქის მთავრობისგან არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 დასაწყისში “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატად ყოფნისას, კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ე.წ. “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე კორპუსებით ჩაანაცვლებდა. კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. რამდენიმე თვეში გამოცხადებულ მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად „შპს ვარკეთილი დიველოფმენთი“, ანუ არქი ჯგუფი დასახელდა.