26 მაისიდან, „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით, როგორც საცდელი მაუწყებლობა, გავა. შემდეგ ეტაპზე კი, აგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი” იხილოს.
„ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“ წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაში – ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.
ჯერ კიდევ, გასული წლის სექტემბერში ვწერდით, რომ Euronews Georgia მაუწყებლობას 2020 წლის შემოდგომას დაიწყებდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე აგვისტოდან, სრულფასოვან ქართულენოვან „ევრონიუსს“ უნდა ველოდოთ.
„ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, ეს „ევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება.
თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი.
„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში, ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“ და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ დააფუძნეს.
marketer.ge