ხვალ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ განიხილება, პირიქით არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა ის გაზარდოს.
„ერთადერთი რაც შემიძლია სხდომამდე ვთქვა, არის ის, რომ ჯერ ისევ მაღალია რისკები. როგორც მინიმუმ, შემიძლია ვთქვა, რომ განაკვეთი არ შემცირდება ხვალინდელი მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე. იქნება თუ არა გამკაცრება, ამაზე დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ. არის ფაქტორები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს.
მოგეხსენებათ, რომ გაცვლითი კურსი არის საკმაოდ სტაბილური და მყარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს, სხვადასხვა საქონლის ფასები გლობალურად იკლებს. ასევე დაკლებულია გადაზიდვის ღირებულებაც. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს. თუმცა, ქვეყანაში ნარჩუნდება პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც ანელებს ინფლაციის შემცირებას, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუ საჭიროება იქნება, გავამკაცროთ კიდეც განაკვეთი, როგორც რეფინანსირების განაკვეთით, ასევე სხვა მაკრო-პრუდენციული ზომებით. პროგნოზი ძალაშია, სადღაც წლის მეორე ნახევარში სამიზნესთან უნდა იყოს წლიური ინფლაცია“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის სხდომა ხვალ, 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. ბოლო 5 სხდომის განმავლობაში, ანუ 30 მარტიდან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განაკვეთი (11%) არ შეუცვლია. 2008 წლის შემდეგ კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-იანი ნიშნული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.