„ჩვენი კომპანია - „შუხმან ვაინს ჯორჯია“ კახეთში მდებარეობს და ღვინის 80% კახური ჯიშის ყურძნიდან მოდის. რა თქმა უნდა, დასავლეთის ჯიშის ყურძენიც არის ჩვენთან, მათ შორის ხვანჭკარა, რომელსაც რთველის მიწურულს, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ვყიდულობთ ხოლმე. ოქტომბრიდან გადავდივართ რაჭა-ლეჩხუმის ყურძნის შესყიდვაზე, ამ შემთხვევაში საუბარია ალექსანდროულზე, მუჯურეთულზე“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ შუხმან ვაინს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.
მისი თქმით, ხვანჭკარას ისინი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ასხამენ, რადგან „ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია მარკეტინგული ცნობადობა და მომხმარებლის დამოკიდებულება, ნახევრად ტკბილი ღვინოებისადმი“.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია არ არის მძლავრად წარმოდგენილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე, ამიტომ ხვანჭკარას წილი ჩვენს პორტფელში არის მინიმალური. გვაქვს, მაგრამ არა მნიშვნელოვანი რაოდენობით“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
როგორც „შუხმანს ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, მიუხედავად ამისა, ისინი წელსაც აპირებენ ალექსანდროულის და მუჯურეთულის შესყიდვას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და შემდგომაში ხვანჭკარას წარმოებას.
შეგახსენებთ, რომ წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ღვინის გადამუშავება ადგილზე უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წამოღება ყურძნის სახით აღარ მოხდება.