აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ „აზერიგაზი“ განაახლა ყარაბაღისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, მათ შორის არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის“. მართალია, ყარაბაღელები სამკვირიანი პაუზის შემდეგ სახლების გათბობას შეძლებენ, მაგრამ ფაქტობრივად ამით რეგიონი ბაქოზე ხდება დამოკიდებული. სტეფანაკერტში ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან, მაგრამ საეჭვოა რამე შეცვალონ, წერს ინტერნეტ პორტალი kommersant.ru.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„აზერიგაზში“ აცხადებდნენ, რომ ყარაბაღის გაზმომარაგებას განაახლებდნენ 7 მარტის წყვეტის შემდეგ. აზერბაიჯანულმა კომპანიამ პირობა შეასრულა და ხენკენდის (სტეფანაკერტის დასახელება აზერბაიჯანულად) გაზი უკვე მიეწოდება. ქსელის ტესტირების შემდეგ, რაც სამშაბათს, 29 მარტს განხორციელდება, გაზი მთელ რეგიონს დაფარავს.
ამასობაში, ერევანსა და სტეფანაკერტში გაზმომარაგების შეწყვეტაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებდნენ. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ კვირაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთიდან ყარაბაღამდე გაყვანილი გაზსადენი ქალაქ შუშასთან ჯერ ააფეთქეს, შემდეგ კი მასზე ვენტილი დაამონტაჟეს. ბაქო ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
სომხური მხარე აცხადებს, რომ ყარაბაღში გაზმომარაგება და დისტრიბუცია სომხეთიდან ხდება და ამ პროცესთან აზერბაიჯანს კავშირი არ აქვს. ხოლო აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ გაზმომარაგების ქსელის დაპროექტებას მიმდინარე თვეში დაასრულებენ, შემდეგ გამოიყოფა დაფინანსება და დაიწყება ქალაქ შუშას გაზიფიკაციის პროცესი.
სტეფანაკერტში ამბობენ, რომ მათთვის დაუშვებელია აზერბაიჯანულ კომპანიაზე დამოკიდებულება და სომხეთამდე ახალი გაზსადენის მშენებლობას გეგმავენ, რომელიც არ გაივლის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროექტის რეალიზაციას ბაქოში სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში მსგავს მილსადენზე არაფერია ნათქვამი და აზერბაიჯანთან შეთანხმების გარეშე მისი მშენებლობა უკანონო იქნება.