ყავისა და კრუასანისთვის კაფეში შესასვლელად დღეიდან საფრანგეთში სანიტარული საშვის წარდგენაა საჭირო.
„ეს მარტივი პროცედურაა. ჩვენ გადმოწერილი გვაქვს აპლიკაცია და ვამოწმებთ კლიენტების QR-კოდს და თუ ის მოქმედია, მათ შეუძლიათ შემოსვლა. თუ ის მოქმედი არ არის, ჩვენ მათ ვერ მოვემსახურებით“, - განაცხადა რომენ დიკრეშენცომ, პარიზში მდებარე კაფე Vrai Paris-ის მენეჯერმა.
ზოგიერთმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, როგორიცაა იტალია, სანიტარული საშვის მსგავსი სისტემა შემოიღო, თუმცა საფრანგეთში ეს სისტემა ყველაზე სრულყოფილია. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს მათ თავისუფლებას აფერხებს და დისკრიმინაციას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ვაქცინაციის გავლა არ სურს.
კანონმდებლობა, რომელიც სანიტარული საშვების სისტემას არეგულირებს, ნოემბრის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები ცხადყოფს, რომ ივლისის მდგომარეობით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიღებული 10 პაციენტიდან 9 ვაქცინირებული არ იყო. გარდა ამისა, გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ფრანგების უმრავლესობა სანიტარული საშვების სისტემის შემოღებას მხარს უჭერს.
5 აგვისტოს, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა. 26 ივლისს საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციების თანახმად, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
გარდა ამისა, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.
ე.წ. „სანიტარული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.
imedinews.ge