ყაზახეთიდან საქართველოში დღეს საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება.
საელჩოს ინფორმაციით, ორივე რეისზე, რომელიც დღეს აქტაუდან არის დაგეგმილი, საქართველოს 60 - მდე მოქალაქე ჩამოფრინდება, რომელთაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი ჰქონდათ შეძენილი.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.
დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ ვითარებაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაათავისუფლეს ყველა ჩამორთმეული ადმინისტრაციული შენობა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის 125 საქმე, პოლიციაში მიყვანილია 5 800 ადამიანი, მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი.