ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა აქტაუში ტრანსკასპიური ურთიერთკავშირის მინისტრთა შეხვედრაზე , დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობა გაააქტიურონ .
შეხვედრისას ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპული მარშრუტის გასწვრივ, სარკინიგზო ტრანსპორტის ორგანიზების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მინისტრმა შესთავაზა გააქტიურდეს მუშაობა ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ამ მიმართულებით განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს საწარმო, რომელიც მუშაობს ტვირთგამგზავნებთან და მიმღებებთან, როგორც საერთო ოპერატორი, მარშრუტის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს ერთიან ტარიფს და მომსახურების ერთიან სტანდარტს.
მინისტრმა ასევე გამოაცხადა ევროკავშირის განზრახვა, უზრუნველყოს მარშრუტის განვითარების ფინანსური მხარდაჭერა.
„2021 წლის 1 დეკემბერს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წამოიწყეს Global Gateway ინიციატივა. ეს არის ახალი ევროპული სტრატეგია მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გლობალური კავშირების განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიგიტალიზაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევა. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირი გეგმავს ინვესტირებას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში“, - განაცხადა უსკენბაევმა.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ შუა დერეფნის, როგორც რუსეთის ფედერაციის ალტერნატივის მნიშვნელობა უფრო გამოიკვეთა უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდგომ.