ყაზახეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება და ქვეყანა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
მასობრივმა პროტესტმა ყაზახეთის სახელმწიფო ობლიგაციებისა და ადგილობრივი კომპანიების აქციების ფასიც დააგდო.ეროვნული ვალუტა და მოსკოვის ბირჟაზე განთავსებული ობლიგაციებიც უფასურდება.
ყაზახეთის მთავარი საბირჟო ინდექსი KASE 5 იანვარს 2,95%-ს კარგავდა. სახელმწიფო ობლიგაციები კი მოსკოვის ბორჟაზე მცირე მოცულობით ივაჭრება და მათო ფასი 0,2-4%-ით შემცირდა.
მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.
მედიის ინფორმაციით, რეგულაცია ითვალისწინებს კომენდანტის საათს 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.