ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „ვითიბი ბანკის“ გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. კობა გვენეტაძე მსურველთა ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბანკის ყიდვის მსურველები არიან, თუმცა სებ-ში მოთხოვნა ამ დრომდე არ შესულა.
„ვითიბი ბანკთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ის არის სანქცირებული ბანკი, თუმცა არ გაკოტრებულა, დღესაც მოქმედი, მაღალკაპიტალიზირებული, ლიცენზირებული ბანკია და აგრძელებს მუშაობას სანქციებისა და შეზღუდვების ფარგლებში.
ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ ეროვნულ ბანკში მოთხოვნა ბანკის ყიდვაზე არ შემოსულა“, — აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შეძენას ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გეგმავს. თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ ბანკის შესაძლო შესყიდვის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია, ხიდაშელმა „კომერსანტთან“ პირდაპირი პასუხებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც კი გავაკეთებ ან შევიძენ რამეს“.
ბანკის აქციათა 97.38%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.34%-ის მეპატრონე არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო, ხოლო ბანკის 1.47% შპს „ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედის“ საკუთრებაა.