Reuters-ის ცნობით, ყირგიზეთი მეტი ტურისტის მიზიდვას ტრადიციული სასმელით, ყუმისით, ანუ ფერმენტირებული ცხენის რძის პოპულარიზაციის გზით ცდილობს. დალევის გარდა, ადგილობრივები ყუმისში ბანაობენ კიდეც და ამბობენ, რომ ჯანმრთელობისთვის სასრგებლოა.
ტურიზმში ყირგიზეთმა ცხენის რძეზე აქცენტი მას შემდეგ გაამახვილა, რაც ფერმენტირებული და პრობიოტიკური სასმელების მიმართ ინტერესი ბევრ ქვეყანაში გაიზარდა.
Reuters-ის შეფასებით, ყირგიზული კულტურისთვის ყუმისის მნიშვნელობა იმითაც აიხსნება, რომ ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ ბიშკეკს სახელი რძის ფერმენტირებისთვის საჭირო ნიჩბის მიხედვით ეწოდება.
სარეკლამო ფილმებისა და ფესტივალების საშუალებით ყირგიზეთი ტურისტებს ახალისებს, რომ ტრადიციული მომთაბარე ყირგიზული ცხოვრების წესი განიცადონ და ღამე მთის საძოვრებზე, მეწველი ცხენების ჯოგთან ახლოს, იურტაში გაათენონ. ტურისტებს, ასევე, შეუძლიათ იურტებში ახალი ადგილობრივი რძე დააგემოვნონ, რომელიც ცნობილია, როგორც „საამალი“.
სააგენტო წერს, რომ ცხენის მოწველა, ძროხასთან შედარებით, გაცილებით რთულია და შინაური ცხოველის მოსაწველად მის ბარძაყზე ადამიანის შემოხვევას მოითხოვს. წველა მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ხოლო ღამის ცაზე პლეადის ვარსკვლავთგროვის გამოჩენა მისი დასასრულის ტრადიციული ნიშანია.
bpn.ge