ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება ბორნებით კავშირის ორგანიზებას ცდილობს მას შემდეგ, რაც აფეთქდა ყირიმის ხიდი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბორნების მიმოსვლა უკვე დაწყებულია. მოგვიანებით ტასმა განაცხადა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა არახელსაყრელი ამინდის გამო.
ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ აქსიონოვის თქმით, ქერჩის საბორნე კავშირი, რომელიც კრასნოდარის მხარეს ყირიმთან დააკავშირებს, შაბათს დღის განმავლობაში დაიწყება და პრიორიტეტი იქნება მგზავრების გადაყვანა. მომზადებულია ორი ბორანი, ვარაუდობენ მესამის გამოყოფას.
8 ოქტომბერს დილით ქერჩის სრუტეზე გამავალ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომობილი. აფეთქების შედეგად ხანძარი მოედო საწვავით დატვირთული ცისტერნების მატარებელს. ხიდი ნაწილობრივ დაინგრა.
ყირიმის ხიდი, რომლის აგების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს ნახევარკუნძულის ანექსიიდან ცოტა ხანშივე გასცა, 2018 წლის მაისში გაიხსნა. 2016 წელს პროექტის ღირებულება 228 მილიარდ რუბლად (3,6 მილიარდი აშშ დოლარი) ფასდებოდა. რუსეთის პრეზიდენტი პირადად დაესწრო ხიდის გახსნის ცერემონიას, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებით გადაიცემოდა.
radiotavisupleba.ge