აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი მაიკ პომპეო, რომელიც პრეზიდენტობის პოტენციურ რესპუბლიკელ კანდიდატადაც მიიჩნევა, უკრაინის დედაქალაქს სტუმრობს.
მაიკ პომპეო კიევში ორშაბათს ჩავიდა, რათა ხაზი გაესვა უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვაშინგტონმა კიევს რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად გადასცეს F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები .
კითხვაზე, მხარს უჭერდა თუ არა უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებას, პომპეომ უპასუხა: „დიახ. და ტრენინგი, და პროგრამული უზრუნველყოფა და ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი მიწის ნამდვილად დასაცავად.”
უკრაინელ კანონმდებლებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამხედროებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და სტუდენტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ვაშინგტონის ინტერესებშია.
პომპეო კიევში ჩავიდა შეერთებულ შტატებში დისკუსიის ფონზე, თუ რამდენად მეტი მხარდაჭერა უნდა მიეცეს უკრაინას. რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ვაშინგტონმა კიევს დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკვე გაუწია.
პომპეომ, რომელიც ასევე მსახურობდა CIA-ს დირექტორად ტრამპის ადმინისტრაციაში, თქვა, რომ პუტინი სათანადოდ უნდა შეფასდეს. პომპეოს თქმით, კრემლის ლიდერი აღიარებს ერთ რამეს, ეს არის ძალა და ურყევი მტკიცე გადაწყვეტილება.
პომპეომ თქვა, რომ ევროპას სჭირდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რათა თავიდან აიცილოს ძირითადი სახმელეთო ბრძოლა. „უნდა არსებობდეს შეთანხმებების სერია, რომელიც ნათლად ცხადყოფს, რომ ვლადიმერ პუტინი ამას ვეღარ შეძლებს,“ - განაცხადა პომპეომ.
პომპეო უკრაინაში ამერიკელ ბიზნესმენებთან და რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. მან სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებსა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.